თბილისში ნაციონალური ინტერნეტ დომენების ადმინისტრატორების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
loader

Breaking news

თბილისში ნაციონალური ინტერნეტ დომენების ადმინისტრატორების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

  • თბილისში ნაციონალური ინტერნეტ დომენების ადმინისტრატორების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

თბილისი: 14-15 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში"  რიგით 72-ე ნაციონალური ინტერნეტ დომენების ადმინისტრატორების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

საქართველო,  წარმოდგენილი საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის (ITDC) სახით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ნაციონალური დომენების ადმინისტრატორების საერთაშორისო კონფერენციას (APTLD) პირველად მასპინძლობს.

APTLD წარმოადგენს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს 50-ზე მეტ ნაციონალური ზედა დონის დომენის ადმინისტრატორ კომპანიას, რომლებიც წარმოდგენილი არიან ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ავსტრალიის და წყნარი ოკეანის  ქვეყნებიდან. 

როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრში აცხადებენ, ორგანიზაციის წევრებს დიდი გამოცდილება აქვთ კიბერუსაფრთხოების, მდგრადობის უზრუნველყოფისა და სტაბილური სისტემების შექმნის კუთხით, რომლის ურთიერთ გაზიარებაც თავის მხრივ ხელს უწყობს ნაციონალური დომენების სივრცის სწორ მართვასა და ზოგადად სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ინტერნეტის გამოყენებას.

APTLD აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროფილურ ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან როგორიცაა: მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ–კორპორაცია ICANN, ინტერნეტ საზოგადოება ISOC,  მსოფლიო ქსელის საკოორდინაციო ცენტრი RIPE  რომლებიც ასევე იღებენ მონაწილეობას აღნიშნულ კონფერენციაში.

კონფერენციის მონაწილეები და სტუმრები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან 40-ზე მეტი ქვეყნიდან, განიხილავენ ნაციონალური დომენების გარშემო არსებულ აქტუალურ საკითხებს,  უსაფრთხოების პრობლემებს, დომენური სივრცის მართვისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენების საკითხებს.

14 სექტემბერს, 10.45 სთ -ზე  სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც კონფერენციის მონაწილენი და ორგანიზატორები  უპასუხებენ ადგილობრივ ჟურნალისტთა შეკითხვებს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე