"ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში "ფე-ეს-ბე“-ს საიდუმლო განყოფილების "ვიმპელის" სპეცრაზმელმა მოკლა"
loader

Breaking news

"ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში "ფე-ეს-ბე“-ს საიდუმლო განყოფილების "ვიმპელის" სპეცრაზმელმა მოკლა"

  • ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში ფე-ეს-ბე-ს საიდუმლო განყოფილების ვიმპელის სპეცრაზმელმა მოკლა

კიევი: საგამოძიებო ჯგუფ „ბელინგქათის“ ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის უკან „ფე-ეს-ბე“-ს საიდუმლო განყოფილება დგას. ამის შესახებ საუბარია Bellingcat-ის, Der Spiegel-ისა და The Insider-ის  მიერ ჩატარებულ გამოძიებაში, რომლის დეტალებიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც აცხადებენ, მათ უკვე შეაგროვეს საკმარისი მტკიცებულება, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო დაგეგმილი და ორგანიზებული.

საგამოძიებო ჯგუფის წევრების მტკიცებით, მკვლელობის მომზადებას პირადად მეთვალყურეობდა ედუარდ ბენდერსკი, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი სპეცრაზმელების საქველმოქმედო ფონდ „ვიმპელის“ თავმჯდომარეა.

Bellingcat-ის ცნობით, ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებაში ასევე ჩართულები იყვნენ ფონდის სხვა მაღალჩინოსნები.

"ჩვენ დავადგინეთ, რომ ოპერაციის მხარდაჭერას, როგორც მკვლელის გაწვრთნას, ისე მკვლელისთვის ყალბი დოკუმენტების გადაცემას, უზრუნველყოფდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, კერძოდ ამ სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრი“, – ნათქვამია საგამოძიებო ჯგუფის განცხადებაში.

მისივე ცნობით, ხანგოშვილის მკვლელის ნამდვილი ვინაობა, როგორც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისთვის, ისე რუსეთის პოლიციისთვის ცნობილია.

"თუმცა მათ აირჩიეს ტყუილი ეთქვათ გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. რუსეთის მთავრობა ასევე შეეცადა გაენადგურებინა ყველა მონაცემი, რომელიც მკვლელის რეალურ ვინაობას გაამხელდა“, – ნათქვამია საგამოძიებო ჯგუფის ვებგვერდზე.

საგამოძიებო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ „მათ მიერ ჩატარებული გამოძიება ცხადყოფს, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა დაგეგმა და განახორციელა მკვლელობა, რომელიც 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოხდა“.

საგამოძიებო სტატიაში დეტალურად არის აღწერილი ის მეთოდები და საშუალებები, რომლებიც გამომძიებლებმა საქმეზე მუშაობის დროს გამოიყენეს. მათ შორის არის სატელეფონო სადგურებიდან მოპოვებული მონაცემები.

Bellingcat-ში აცხადებენ, რომ ხანგოშვილის მკვლელობის დაგეგმვა 2019 წლის მარტში დაიწყო. საგამოძიებო ჯგუფის წევრების ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ბერლინში გამგზავრებამდე, პირადად ეკონტაქტებოდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი სპეცრაზმელების საქველმოქმედო ფონდ „ვიმპელის“ თავმჯდომარე ედუარდ ბენდერსკის.

"2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ბენდერსკი სულ მცირე 20-ჯერ ესაუბრა ტელეფონით კრასიკოვს“ – ნათქვამია საგამოძიებო სტატიაში.

ასევე დადგინდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი სულ მცირე რვაჯერ იმყოფებოდა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრში, რომელიც მოსკოვთან ახლოს, ბალაშიშაში მდებარეობს.

Bellingcat-ის ცნობით, ედუარდ ბენდერსკი, რომელმაც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაგეგმა, საკუთარ თავს „ეფესბეს“ ყოფილ სპეცრაზმელს უწოდებს, თუმცა რუსულ მედიაში ის ხშირად საუბრობს, როგორც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების მეხუთე განყოფილების დე ფაქტო პრესსპიკერი. ბენდერსკი საკუთარ თავს ხშირად უწოდებს რუსი პარლამენტარების თანაშემწეს და ის ასევე გახლავთ რუსეთისა და ერაყის ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარე. რუსეთის მთავრობამ ბენდერსკის მფლობელობაში არსებულ ერთ-ერთ კომპანიას ერაყში რუსული ნავთობკომპანიების დაცვის ექსკლუზიური უფლება მიანიჭა.

რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ედუარდ ბენდერსკი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ტიხონოვის დაქვემდებარებული პირია.

ტიხონოვი რუსეთის ეროვნული გმირია, რომელმაც ეს წოდება, „ნორდ ოსტის“ თეატრში მძევლების აყვანის დროს ჩატარებული ოპერაციისთვის პირადად პუტინისგან მიიღო. ამ ოპერაციის დროს 130 მძევალი გარდაიცვალა. ტიხონოვის სახელს უკავშირდება ასევე 2004 წელს ბესლანის სკოლაში ჩატარებული სპეცოპერაცია.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე