მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი მკაცრდება
loader

Breaking news

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი მკაცრდება

  • მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლი მკაცრდება

თბილისი: საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე კონტროლს ამკაცრებს. უსაფრთხოების გაძლიერებისა და კიდევ უფრო ეფექტიანი მუშაობის მიზნით აღმოსავლეთ სარდლობამ ხუთივე გამშვებ პუნქტზე ძლიერი ღამის განათების სისტემა დაამონტაჟა და რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მყარი ბარიერები განალაგა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მუდმივად ხორციელდება საგანგებოდ მოწყობილ საგუშაგოებზე მორიგეობით შესული პირადი შემადგენლობის აღჭურვილობის, უნიფორმისა და ხელთათმანების სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი რეგულარულად აკონტროლებს მარნეულის საავიაციო ბაზას და პატრულირებს მიმდებარე ტერიტორიაზე.

მარნეულისა და ბოლნისის საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალების მიერ ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული მოქმედებები აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ სხვადასხვა ქვედანაყოფის ხელმძღვანელებთან შეაჯამა. მარნეულის საავიაციო ბაზაზე არსებულ მართვის ცენტრში შეკრებილ ოფიცრებს აღმოსავლეთის სარდალმა საკარანტინო ზონაში არსებული მდგომარეობა დეტალურად გააცნო.

საქართველოს თავდაცვის ძალების მიერ მეორეხარისხოვან, შემოვლით გზებზე პატრულირება და ოპერაციის რაიონის ტექნიკური თვალთვალის საშუალებით 24-საათიანი კონტროლიც ხორციელდება.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე