"თქვენ მარტო ის გსიამოვნებთ, როდესაც გაქებენ, განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, გადასარევად გრძნობთ თავს მარტო, ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში"
loader

Breaking news

"თქვენ მარტო ის გსიამოვნებთ, როდესაც გაქებენ, განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, გადასარევად გრძნობთ თავს მარტო, ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში"

  • თქვენ მარტო ის გსიამოვნებთ როდესაც გაქებენ განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ გადასარევად გრძნობთ თავს მარტო ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში

თბილისი: "პარტიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის მისამართით გაკეთებული განცხადებები შეიცვალოს. 

"ყველას მინდა მოვუწოდო მეტი სერიოზულობისკენ. კარგია, რომ იუმორის ხასიათზე ხართ.  მოგიწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი და ბოლოდროინდელი ტერმინოლოგია, რომლითაც ოპოზიციას მოიხსენიებთ, შეცვალოთ. ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად. პოლიტიკური კლასის დაყოფა გადაწყვიტეთ გოიმებად და არაგოიმებად, მე მგონია ყველაზე დიდი გოიმობა ასეთი აზროვნებაა და ასეთი მიდგომაა.

საერთოდ არ იყო დღეს პრემიერის პარლამენტში მოსვლა საჭირო. პარლამენტს შეეძლო ეს საკითხები გაგვეთვალისწინებინა ამ თემატური სხდომის შეკითხვების და დამთავრებულიყო. ხვალ ჩვენ მოგიწვევთ და კიდევ უნდა მოხვიდეთ ხვალაც? მაგრამ ჩვენ რომ მოგიწვიოთ არ მოხვალთ, "ნაციონალური მოძრაობა" რომ გიწვევთ მაშინ უნდა მოხვიდეთ. 

პოლიტიკურ სპექტაკლზე როდესაც ვლაპარაკობ ამ სპექტაკლში დიდი ტრაგედიაა სინამდვილეში ჩადებული. თქვენი თამაშები, თქვენი მუდმივი დაპირებები სამართლიანობის აღდგენაზე, მერე ერთმანეთთან ჩახუტებები და გარიგებები და ქართველი ხალხის გადაგდება. ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების პროფესია. ვინ გითხრათ, რომ ადამიანებს მარტო პური სჭირდებათ? პური სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომ გადარჩეს ფიზიკურად ადამიანი. თქვენ ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ადამიანებს მთავარი რამ დაუკარგეთ და წაართვით - რწმენა სამართლიანობისადმი. ისეთი აბსურდული გარემო, რაც ამ პარლამენტშია მე დედამიწის ზურგზე არ მგონია, რომ სადმე რომელიმე პარლამენტში იყოს. ბასიშვილი ზონდერი მიზის აგერ წინა სავარძელში და ვითომც არაფერი. ეს ხომ თქვენი სტილია, რა მოხდა. 

ეხლა რომ ყვირიხართ ჯიგრები ვართო, რა ტერმინოლოგიაა ეს? მხარი დაგეჭირათ და მიგეღოთ ის რეზოლუცია გატრუნულები რომ ისხედით 80% საპარლამენტო უმრავლესობის. ეს არ გინდოდათ იმიტომ, რომ ყოველი არჩევნების წინ თქვენ გჭირდებათ ნაციონალური მოძრაობა, რადგან მათი წარსულის ფონზე უკეთესები გამოჩნდეთ. ვერ და არ ჩანხართ უკეთესები. ბევრ საკითხში ის გზა აირჩიეთ რა გზაზეც ისინი იდგნენ. 

ყველას მოგიწოდებთ, პრემიერსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და უმრავლესობის წევრებსაც, როდესაც ლაპარაკობთ ზოგადად ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები. მე ვთვლი, რომ რეალური ოპოზიცია საქართველოს პატრიოტები ვართ დღეს პარლამენტში და არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც დანაშაულებრივი წარსული აქვთ. ასევე არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებმაც "ქართული ოცნება" დატოვეს და თქვენ ტყუილს გაემიჯნენ. 

თქვენ მარტო ის გსიამოვნებთ, როდესაც გამოდიან და გაქებენ. განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ. გადასარევად გრძნობთ თავს მარტო. ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში და არა იმ ევროპულ დემოკრატიებში, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის. 

კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ და დავინახოთ სად არის კარგი და სად არის ცუდი“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე