"ტამანის პორტის გახსნით „ქართული ოცნება“ ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებს"
loader

Breaking news

"ტამანის პორტის გახსნით „ქართული ოცნება“ ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებს"

  • ტამანის პორტის გახსნით ქართული ოცნება ქვეყანაში რუსეთის ინტერესებს ატარებს

თბილისი: ქერჩის სრუტეში მდებარე ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულებას „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერები გრიგოლ გეგელია და გიგლა მიქაუტაძე ეხმაურებიან.  

"ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გრიგოლ გეგელიას თქმით, რუსული ტამანის პორტის გახსნა ნათელი მაგალითია „ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების განზრახვის, რომ ისინი ხელს უწყობენ   რუსულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესს.  

"რუსული ტამანის პორტის გახსნა არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რატომ ჩაშალა მიზანმიმართულად ანტისახელმწიფოებრივმა ხელისუფლებამ ანაკლიის ისტორიული პროექტის მშენებლობა. "ქართული ოცნების“ კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ნამდვილი განზრახვა სხვა არაფერი იყო, თუ არა რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესის ხელშეწყობა. საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების მოღალატე ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არ დაეზარალებინა რუსული ეკონომიკური ინტერესები. სამაგიეროდ, ამას შესწირა თავისი სახელმწიფოს ინტერესები, თავისი ხალხის ინტერესები, განვითარების, მასობრივი დასაქმების, ჩვენი ქვეყნის სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის გაათმაგების პერსპექტივა“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

"ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საქართველოს მთავრობას მათი „ამოცანის“ შესრულება „მიულოცა“.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობით მმართველ გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, ის საქმე დაესრულებინა, რომელიც მისმა წინამორბედებმა არ დაასრულეს, ამის სანაცვლოდ ხელი შეუწყო რუსეთში ტამანის პორტის მშენებლობას. 

"მინდა, საქართველოს მთავრობას მივულოცო რუსეთში ტამანის პორტში ღრმაწყლოვანი სამუშაოების დასრულება, რომელიც ანაკლიის პორტის პირდაპირი კონკურენტია, მაშინ, როცა გეგმის მიხედვით, პირველი გემი ანაკლიაში წლის ბოლოს უნდა მიგვეღო. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა შესაძლებლობა, ისტორიაში შესულიყო ანაკლიის სტრატეგიული პროექტის შემსრულებლად, რაც ვერცერთმა მისმა წინამორბედმა ვერ შეძლო, კომუნისტებიდან მოყოლებული. მანაც ეს საქმე საკუთარ მემკვიდრეს გადაულოცა. არაუშავს, შემდეგი მთავრობა „ლელოს“ სახით აუცილებლად ააშენებს ღრმაწყლოვან პორტს ანაკლიაში და საქართველოს რეალურად აქცევს რეგიონის მთავარ სატრანსპორტო ცენტრად,“- აცხადებს მიქაუტაძე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე